სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან ერთად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს და ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის – ფიდეს აღმასრულებელ დირექტორს, ჯეფრი ბორგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი იყო საქართველოში დაგეგმილ ორ უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირზე – 2017 წელს თბილისში გასამართ მსოფლიოს თასსა და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის შესახებ, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს.
ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელმა, მინისტრისგან მსოფლიო თასისა და ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზების მხარდაჭერა მიიღო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო ტურნირების საუკეთესოდ მასპინძლობისათვის ფიდესთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, ითქვა რომ სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ჭადრაკის მხარდაჭერასა და მის პოპულარიზაციაზე ზრუნვას.