ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის მატჩი საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის ქართველების გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.
პირველი ნახევრის დებიუტმა თანაბრად ჩაიარა. ნათლად გამოჩნდა, რომ კახა ცხადაძეს პრესინგი ჰქონდა არჩეული. მასპინძლები ბურთს ძირითადად მოედნის ცენტრში აკონტროლებდნენ და გორდონ სტრაჩანის ფეხბურთელებს შეტევის საშუალებას არ აძლევდნენ.
მატჩის 38-ე წუთზე, მჭედლიძის პასის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილმა გენიალური მოძრაობით ერთი მცველი მოატყუა და მარცხენა ფეხით მარშალის კარის მარცხენა კუთხეში გოლი გაიტანა.
მეორე ნახევარშიც ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ ბურთს და მომენტებსაც ქმნიდნენ, თუმცა მეტის გატანა ვერ მოახერხეს.
შოტლანდიელები შეხვედრის ბოლო წუთებში გააქტიურდნენ და მიყოლებით რამდენიმე კუთხური ჩააწოდეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს, ისედაც სტუმრებს მეტოქის კარში ზუსტად არცერთხელ არ დაურტყამთ.
საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით 1:0 დასრულდა, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ქართველებმა პირველი შეხვედრა მოიგეს.
მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ცხადაძემ განაცხადა, რომ კმაყოფილია მისი შეგირდების თამაშით. მისივე თქმით, თუ ეროვნული გუნდი ასეთ დონეზე ხშირად ითამაშებს, მაშინ დიდ ტურნირებზე მოხვედრის პრეტენზიაც გვექნება. ბოლოს კი დაამატა, რომ ზეიმი დასრულებულია და უკვე ირლანდიასთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ.
ჩვენი ჯგუფის სხვა ორ მატჩში მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა. ცენტრალურ შეხვედრაში გერმანიამ ჯგუფის აწ უკვე ყოფილი ლიდერი პოლონეთი შინ 3:1 დაამარცხა. გოლები “ბაიერნის” ფეხბურთელებმა გაიტანეს: ორჯერ გიოტცემ, ერთხელ მიულერმა და ლევანდოვსკიმ სტუმართა მხრიდან.
არ შექმნია პრობლემები ირლანდიას გიბრალტართან მატჩში – 4:0 გასვლით მატჩში. გოლები კრისტის, კინის (დუბლი) და ლონგის ანგარიშზეა.
ამრიგად, პირველ ადგილზე გერმანია გადავიდა 16 ქულით, მეორეზე პოლონეთია 14 ქულით, შემდეგ უკვე ირლანდიაა – 12 ქულა და მას ერთით ჩამორჩება შოტლანდია, რომელსაც არასაპლეიოფო, მეოთხე ადგილი საქართველომ მიუჩინა და დიდი შანსია 8 წლის წინანდელი ისტორია განმეორდეს, როდესაც სწორედ თბილისში წაგებული მატჩის გამო დაკარგეს სქოთებმა ევროპაზე მოხვედრის შანსი.
7 სექტემბერს შოტლანდია შინ გერმანიას დაუხვდება და ალბათ ბოლო შანსი მიეცემა, პოლონეთი საშინაო შეხვედრაში მორიგ სამ ქულას ჩაიწერს გიბრალტართან მატჩში, ხოლო ირლანდია საქართველოს ნაკრებს მიიღებს. დუბლინური მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მისი ნახვის შესაძლებლობა ტრადიციულად საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.