LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო თუ გინდათ იგრძნოთ, არხოტს ესტუმრეთ! სტუმრის გამოცილებისას ზურგს უკან ისეთი მჭექარე დალოცვა მოგყვება, მთებს შეაზანზარებს, და ისეთი მონატრების სევდა, რომ გზაში სიმღერას დაგაწერინებს“ – ნინო ბაშარულის ემოციური სტატუსი

165
ნინო ბაშარული

მომღერალი ნინო ბაშარული „მუსიკალურ ქარავანთან“ ერთად ხევსურეთს სტუმრობდა.

ნინო ბაშარული ხევსურეთის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მოგზაურებს ურჩევს – არხოტს ესტუმრონ:

„ხევსურეთის ნახვა თუ გინდათ, არხოტში წადით… გაბრიელ ჯაბუშანურის სამყაროში!

იქ ნაკადულებიდან მნათობები ამოჰყავთ არხოტიონებს, იქ ისეთი სიყვარული იციან, ცაზე მზესაც რომ ჟრუანტელი დაუვლის, ღმერთი ხანდახან ადამიანების დახმარებით შეიცნობს საკუთარ ღმერთობას, არხოტში, არხოტიონები ღმერთს ეჯიბრებიან სიყვარულში, აჩვენებენ კისერზე და ხელებზე ძარღვდაბერილ, ქალის სიმღერებზე აქვითინებული კაცების სიყვარულს, მტევნებით რომ თვალებიდან ჩუმად ცრემლს იწმენდენ, ვაი და, ვინმემ არ დაინახოს ე მანდ, ვინმე არ შეწუხდეს… სტუმრის გამოცილებისას კი, ზურგს უკან ისეთი მჭექარე დალოცვა მოგყვება, მთებს შეაზანზარებს, და ისეთი მონატრების სევდა, რომ გზაში სიმღერას დაგაწერინებს… ან არა და, გულს ხელში დაგაჭერინებს…

თქვენ გენაცვალეთ არხოტიონებო, სულით ბებრებო, გულით შროშანნო, მკლავმაგარნო, ბგერალოცვანნო, შუბლშეჭმუხნულნო სევდისაგან, ნუღარ იღელვებთ, რომ სოფელი დაცლილია, ნუღარ იღელვებთ!

თქვენ და მე დავუბრუნებთ არხოტის მთებს თავის მამაცებს, თავის ლამაზებს და უმანკო ბავშვების ღიმილს!

საქართველო თუ გინდათ იგრძნოთ, არხოტს ესტუმრეთ-თქო!

არხოტის ცაზე ანგელოზები ჯარებად დიან! ყველა სახლის ქვაში სულია, ქვა-კირით ნაგები ხარათ ციხე კი, თავს იწონებს დღეს, მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენი ჩრდილოელი მტრისგან დაუცვავთ მეციხოვნეებს არხოტიონები.

ჩრდილოეთის საზღვრების დიდებულო მცველებო! გამოიღვიძა თქვენმა სულმა და სისხლმა და აწი, სულ იჩქეფოს მარადიულობაში!

გამრავლდეს და მოძლიერდეს თქვენი გვარი!

სტუმარ-მასპინძლობის გამორჩეული თქვენი ნიჭი და უნარი დაე გაბევრდეს, რომ სამარდჟამოდ მოინუსხოს მნახველის გული! თქვენი საიდუმლო ძალა ამაშია!

ყველა ეს სურვილი წითელწინწკლებიან კალმახებს ჩავუთქვი და მანდაური მეცხვარე ძაღლის მესამე დაყეფაზე ყველა ახდება!“, – წერს ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში.

ხევსურეთის ნახვა თუ გინდათ, არხოტში წადით… გაბრიელ ჯაბუშანურის სამყაროში! იქ ნაკადულებიდან მნათობები ამოჰყავთ…

Posted by ნინო ბაშარული on ოთხშაბათი, 17 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები