წელს საქართველო აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China პარტნიორი ქვეყანა იქნება. პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თბილისში გაიმართა.
ღონისძიებას ITB China-ს ოფიციალური პირები, საელჩოებისა და ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამოფენა შანხაიში, 26-28 მაისს გაიმართება.
ITB China 2026-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცის ექსკლუზიური ბრენდინგის საშუალება ექნება, საიმიჯო ლოგო გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდსა და ყველა ოფიციალურ ციფრულ და ბეჭდურ გამოცემაში განთავსდება. საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები ჩატარდება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.
საქართველო ITB China-ს გახსნის ოფიციალური ვახშმის მასპინძელი იქნება, რომელსაც ტურიზმის დარგის 700-ზე მეტი ლიდერი, ე,წ. „ბაიერი“ და მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
