საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისში, მონეტარული პოლიტიკის განვითარების თემაზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის მიზანი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიები და ანალიზი იყო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორი, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ათანასიოს ორფანიდესი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის დირექტორი ტობიას ადრიანი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მთავარი მრჩეველი რობერტ თითლოუ და ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენიეკ ტუმა.
კონფერენცია სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომელმაც ხაზი გაუსვა მონეტარული პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობას და არსებულ ტენდენციებს.
საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ასევე, ჩეხეთის, სომხეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ეკონომისტები, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები.
ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციები წარადგინეს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებმაც მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები და სტრატეგიები მიმოიხილეს მცირე ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები. მოწვეულმა უცხოელმა და ადგილობრივმა ეკონომისტებმა მცირე ზომის ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის მონეტარული პოლიტიკის არსებულ გამოწვევებზე, მისი გადაჭრის გზებსა და პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების შესახებ იმსჯელეს.