LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია

131

„ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებს შეეძლებათ, ჩინეთის პორტებში გადაზიდვები ზედმეტი გადასახადისა და ტარიფის გარეშე აწარმოონ”, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფიგზე, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა.

აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი გაო ხუჩენი ჩამოვიდა.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ჩინურ მხარესთან ტრანსპორტის სფეროში მიღწეულ შეთანხმებას ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უწოდა. აღნიშნული შეღავათი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შევა ძალაში.   კერძოდ, იმისათვის, რომ ქართველმა და ჩინელმა მეწარმეებმა ისარგებლონ აღნიშნული შეთანხმებით, დარჩენილია მხოლოდ შეთანხმების ხელმოწერა და შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცედურებიც ისევე ეფექტურად განხორციელდება, როგორც მოლაპარაკებების პროცესი.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წარმოადგენს იმის მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომ საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას, რაც გულისხმობს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი როლის შესრულებას, როგორც სატრანზიტო ქვეყანა”, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთის ინიციატივა, რომელიც გულისხმობსა ბრეშუმის გზის ახალიკონცეფციის განვითარებას (ერთი გზა ერთი სარტყელი, one road – one belt) კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

2015 წლის მარტში საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის შესახებ“ რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით თანამშრომლობის ხელშეწყობას და ფინანსური მხარდაჭერის დონის გაზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები