LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ბანკმა” ვაჭრობის დასაფინანსებლად 50 მილიონი დოლარი მოიზიდა

70

”საქართველოს ბანკმა” ვაჭრობის დასაფინანსებლად 50 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა.  ამასთან დაკავშირებით, ბანკმა ერთწლიანი  ხელშეკრულება გააფორმა.

აღნიშნული რესურსის გამოყოფა ორგანიზებულ იქნა Citi-ის მიერ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად, რომელიც დაფინანსებაში იღებს მონაწილეობას და უზრუნველყოფს  ნაწილობრივ საგარანტიო მხარდაჭერას თავისი გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (GTFP) მეშვეობით.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ეს „საქართველოს ბანკისთვის“ კლუბის მესამე დაფინანსებაა, რომელიც Citi-ს მიერ იქნა ორგანიზებული რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორის მოზიდვით სინდიკაციის პროცესში.

მათივე ინფორმაციით, კლუბის წლევანდელი დაფინანსება ხელს შეუწყობს იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციების განხორციელებას „საქართველოს ბანკის“ ძირითადი კორპორაციული კლიენტებისთვის, გაზრდის სავაჭრო ტრანზაქციების მოცულობას და ღირებულებას საქართველოს ეკონომიკის ძირითად დარგებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტის სფეროსა და ენერგეტიკაში.

ცნობისთვის, კლუბის დაფინანსება „საქართველოს ბანკმა“ პირველად 2014 წელს მიიღო, რომელიც ასევე ორგანიზებული იყო Citi-ის მიერ IFC-ის სავაჭრო გარანტიის მხარდაჭერით.

„საქართველოს ბანკი”, როგორც ვაჭრობის დაფინანსების წამყვანი პროვაიდერი ქვეყანაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისი კლიენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტების  მიწოდებას“, – აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

მისივე თქმით, ახალი დაფინანსება კიდევ უფრო გააძლიერებს „საქართველოს ბანკის“ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სეგმენტში და დაეხმარება კორპორაციული კლიენტურის ბაზის  მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

„Citi მტკიცედ უჭერს მხარს ვაჭრობის ნაკადის გაძლიერებას და მის დაფინანსებას მსოფლიოს მასშტაბით, ის ასევე ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს გლობალურ ვაჭრობაში უფრო მეტად მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში. Citi-ს აქვს უნიკალური უნარი გააერთიანოს ბაზრის ბევრი მოთამაშე – კლიენტები, პარტნიორი ბანკები და მულტილატერალური სააგენტოები ჩვენი მომხმარებლებისთვისახალი სავაჭრო გადაწყვეტების შესამუშავებლად. ამ კონცეფციის გათვალისწინებით ჩვენ მივაწოდეთ იდეალური გადაწყვეტა „საქართველოს ბანკს“, „კლუბის“ სტრუქტურის მეშვეობით ვაჭრობის დასაფინანსებლად მზარდი თანხების მოზიდვის მიზნით,“ – აღნიშნა Citi-ს სადისტრიბუციო, სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტების მიმართულების უფროსმა ანურაგ ჩოდჰარიმ.

IFC-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის დირექტორმა მარკოს ბრუჯისმა კი განაცხადა: „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რამდენადაც ქვეყანა რეგიონის მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს. Citi-სდა IFC-ისფინანსური რესურსი ”საქართველოს ბანკის” მიერ ვაჭრობის დაფინანსებას შეუწყობს ხელს. ეს ბანკი ქვეყანაში წამყვანი ინსტიტუტია ვაჭრობის დაფინანსებაში და ხელს შეუწყობს ძირითადი სასაქონლო ოპერაციების  მომსახურებას და უცხოური ვალუტის გენერაციას. IFC-ი დადებითად აფასებს საქართველოს ბანკთან გრძელვადიან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით და მიესალმება ამ ბოლო ტრანზაქციას, რომელიც IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის საშუალებით განხორციელდა.”

შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკი“ პირველი ქართული ბანკი იყო, რომელიც IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამას 2008 წელს შეუერთდა. პროგრამა ახლა 500-ზე მეტ ბანკს აერთიანებს, 150 ქვეყანაში და მისი მეშვეობით გასულ წელს 6 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი გამოიყო მსოფლიოში ვაჭრობის დასაფინანსებლად. IFC-იმ საქართველოს ვაჭრობის სფეროსთვის 300 მლნ. აშშ დოლარზე მეტის მობილიზება განახორციელა GTFP-ის და ვაჭრობის და სასაქონლო ოპერაციების დაფინანსების სხვა პროგრამების საშუალებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები