დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე პირველი „ვია ფერატა“ ბირთვისის კანიონზე მოეწყობა.
„ვია ფერატა“, იგივე „რკინის ბილიკი“ წარმოადგენს კლდეზე დამონტაჟებულ სპეციალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს რკინის კიბეებს, ბაგირებს და მცირე პლატფორმებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას კლდოვან ადგილებში.
ბირთვისის კანიონის უნიკალური კლდოვანი რელიეფი და ლანდშაფტი იდეალურ პირობებს ქმნის „ვია ფერატას“ ბილიკის მოსაწყობად – თუ აქამდე ბირთვისის კანიონი ძირითადად ლაშქრობის მოყვარულებს იზიდავდა, ახალი ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს ბუნების და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს მარტივად, სპეციალური ეკიპირებით, უსაფრთხოდ იმოგზაურონ და აღმოაჩინონ უნიკალური ბუნების ძეგლი.
აღსანიშნავია, რომ ბირთვისის კანიონზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს – შენდება ვიზიტორთა ცენტრი, გადასახედი პლატფორმა, კოტეჯები, ეწყობა 3 დაკიდებული ხიდი, საქანელა და ზიპლაინი.
ბირთვისის კანიონი თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს და ალგეთის ეროვნული პარკის ნაწილია. აქ შეხვდებით მონუმენტურ კლდეებს, პატარა ჩანჩქერებს, გვირაბებს და წყლის ულამაზეს ნაკადულებს.