LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკა შოკიდან გამოსვლას განაგრძობს – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

63
5f9bf662ea554

2021 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 9.8% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნესსესხების ზრდით არის განპირობებული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.

ამასთან, პაპუნა ლეჟავას თქმით, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს.

“აღსანიშნავია, რომ გლობალურად ვითარების გაუმჯობესების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა შოკიდან გამოსვლას განაგრძობს. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოთხი თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო და 8.1 პროცენტს შეადგინა, რაც ვალის ტვირთის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კრიზისის დასაწყისში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების აღდგენის პროცესი და კრიზისამდე დაგეგმილი კაპიტალის დონის და ხარისხის გაუმჯობესება მომდევნო პერიოდში ბუნებრივ კონტრციკლურ როლს შეასრულებს. საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

პაპუნა ლეჟავამ ლარის კურსზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო ერთ თვეში ლარის კურსის გამყარება, ეკონომიკის გახსნასთან ერთად, მოლოდინის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

„რაც შეეხება ლარის კურსის ფორმირებას მოკლევადიან პერიოდში, აქ ძირითად როლს ზუსტად ეკონომიკური აგენტების მოლოდინი ასრულებს. მოგეხსენებათ, 2020 წლის მეორე ნახევრიდან, როცა პანდემიის დაწყებასთან ერთად, ნეგატიურობისკენ შეიცვალა ეკონომიკური აქტორების მოლოდინი, ამან გამოიწვია კურსის მკვეთრი გაუფასურება, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში, როცა გაიხსნა ეკონომიკა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი და ამან გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება“, – აღნიშნა ლეჟავამ.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სებ-ს აქვს საკმარისი რეზერვი 2020 წლის მსგავსად, ინტერვენციები 2021 წელსაც აქტიურად განახორციელოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g