საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია “ადიდასის” სასაქონლო ნიშანს არალეგალურად იყენებს, რითიც ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს საფრთხის ქვეშ აყენებს – ამ განცხადებას საქართველოში “ადიდასის” წარმომადგენელი გიორგი გოგოლაძე აკეთებს.
გოგოლაძის თქმით, ისინი, როგორც “ადიდასის” წარმომადგენლები, ვალდებულნი არიან გერმანულ კომპანიას მიაწოდონ ქვეყანაში მათი სასაქონლო ნიშნის არალეგალური გამოყენების ფაქტები, თუკი ასეთი მათთვის ცნობილი გახდება. როგორც გოგოლაძე ამბობს, სწორედ ასეთ კანონდარღვევას მიმართავდა ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობა, რითიც სოლიდურ არალეგალურ შემოსავლებს იღებდა.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ აღნიშნულ ნიშანს ფეხბურთის ფედერაცია იყენებს 17 წლამდე, 19 წლამდე, ქალთა ნაკრებებისა და ბავშვთა აკადემიის მაისურებზე. ეკიპირება იკერება თბილისში, დიდუბეში მდებარე ერთერთ საწარმოში და სწორედ ამ პროდუქციას ასაღებს ფეხბურთის ფედერაცია „ადიდასის“ ნაწარმად.
გოგოლაძის თქმით, ადიდასის ქართულმა წარმომადგენლობამ მიმართა პრემიერმინისტრს წერილით, სადაც მთავრობის მეთაურს ამ დარღვევაზე რეაგირებას სთხოვს.
გოგოლაძის შეფასებით, ირღვევა მსოფლიოში ცნობილი სასაქონლო ნიშნის ღირსება, ილახება საავტორო უფლებები, რაც მთელი ქვეყნის პრესტიჟის შელახვაა.
ამ თემაზე რადიო „კომერსანტი“ ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მათი განცხადებით ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ასევე რამდენიმე დღეა, ვერ უკავშირდებიან სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატსა და მის გენერალურ მდივანთან რევაზ არველაძესთან, რომელიც დაახლოებით 9 წელიწადია ამ პოზიციაზე მუშაობდა.
ადვოკატ როინ მიგრიაულის განმარტებით, სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად მოხდება ამ საქმის სისხლის სამართლის მიმართულებით განხილვა, მისთვის უცნობია. მისივე განცხადებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა დამრღვევს აეკრძალოს ”ადიდასის” სასაქონლო ნიშნის გამოყენება და დაეკისროს გარკვეული ფულადი სანქცია.