LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გემებზე ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი

140

სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ გემებზე ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი. საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის შექმნის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.

რეესტრის შექმნის შედეგად გამარტივდება და დაიხვეწება გემთმფლობელთა რეესტრის წარმოება, დაინერგება ელექტრონული სარეგისტრაციო მოწმობები, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ-გვერდიდან გემზე საქართველოს სახელმწიფოს სახელით გაცემული მოწმობების დამოწმება (ონლაინ ვერიფიკაცია) მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, რაც შეამცირებს საქართველოს გემების ინსპექტირების დროს და შექმნის გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველ ეფექტურ მექანიზმებს.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ფლოტის შექმნა, რეგისტრაციის პირობების დახვეწა და მაღალი ტექნიკური სტანდარტების შენარჩუნება წარმოადგენს. საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის სისტემის შექმნის პროექტი კი ხელს შეუწყობს საქართველოში გემების სახელმწიფო რეგისტრაციის პირობების გაუმჯობესებას, ახალი გემების მოზიდვასა და მათზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას.

სერვისის საშუალებით სააგენტოს მიერ აღიარებულ აგენტებს, შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ უცხო ქვეყნის გემების პირველადი (დროებითი) რეგისტრაცია საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონულ რეესტრში მსოფლიოს ნებისმიერი წეტილიდან.

ელექტრონული რეესტრის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ მოაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g