საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ერთი კანდიდატი კახი ბექაური დარეგისტრირდა.
როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ერთობლივად კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კახი ბექაურის კანდიდატურა წარადგინეს.
არჩევნები 2017 წლის 2 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართება. დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით.