LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეები WizzAir-ში დასაქმდებიან

168
23

უნგრეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უნგრული ავიაკომპანიის Wizz Air-ის პრეზიდენტთან, რობერტ კერისთან შეხვედრაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ძირითადი საკითხები, რომლებსაც მხარეები შეეხნენ, უკავშირდებოდა:

  • ავიაციის სწრაფი აღდგენის ტენდენციებს საქართველოში, რაც დადებითად აისახა ქვეყანაში ტურისტული სფეროს განვითარებაზე და რომ ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, სადაც უნგრული ავიაკომპანიაა ბაზირებული. აღინიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტში 18 თვეში ექსპლუატაციაში შევა 3.5 კმ. სიგრძის ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებასა და მეტი ავიარეისის მიღებას შეძლებს;
  • საქართველოს მოქალაქეების ავიაკომპანია Wizz Air-ში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს. იქიდან გამომდინარე, რომ უნგრული ავიაკომპანია გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, შემუშავდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს საავიაციო ინდუსტრიაში პროფესიულ განათლების განვითარებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებში დასაქმებას, როგორიცაა Wizz Air.
  • უნგრული ავიაკომპანიის საქმიანობას საქართველოში. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან აღინიშნა, რომ ქუთაისის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია Wizz Air-ისთვის – მგზავრთა ნაკადმა 2019 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. აღინიშნა ისიც, რომ Wizz Air-ი მგზავრების გადაყვანის კუთხით საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს.
  • ქუთაისის აეროპორტში უნგრული ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატებას. 2023 წლის პირველი დეკემბრიდან ახალი, კოპენჰაგენისკენ მიმართულება ამოქმედდება, რის შედეგადაც, ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირებული მიმართულებების ჯამი 28 იქნება, მათ შორის 20 მიმართულება კი ბაზირებული საჰაერო ხომალდით შესრულდება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.