საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწრთნელად სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნა.
51 წლის სპეციალისტს სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ოფიციალურად, ორშაბათს, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართულ აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე წარადგენს.
ვაისი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული სპეციალისტია.
მისი განსაკუთრებული მიღწევა სლოვაკეთის ნაკრებს უკავშირდება.
სლოვაკეთმა ისტორიულ შედეგს სწორედ ვაისის ხელში მიაღწია, როდესაც პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. იქაც თავი არ შეირცხვინა და ჯგუფში იტალიის ჩატოვებით (3:2 მოუგო) მერვედფინალში გავიდა. სულ კი სლოვაკეთის ნაკრებს 2008-2012 წლებში ხელმძღვანელობდა. ვაისმა ნაკრები ევრო-2012-ზე ვერ გაიყვანა და თანამდებობიდან გაუშვეს.
ვაისის კიდევ ერთი მიღწევა უკვე საკლუბო დონეზე სლოვაკურ „არტმედიას“ უკავშირდება. ვაისი ამ კლუბში ყველაზე დიდხანს, 10 წლის განმავლობაში, მუშაობდა. 2005/06 წლების სეზონში კი მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა (მოუგო „გლაზგო რეინჯერსს“ და „პარტიზანს“).
ვაისის ბოლო სამუშაო ადგილი “ქაირათი” იყო, რომელსაც 2012 წლიდან 2015 წლის ნოემბრამდე თავკაცობდა. გუნდმა ყაზახეთის ჩემპიონატში სამჯერ დაიკავა ადგილი სამეულში, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოიგო. ამასთან, “ქაირათმა” ისტორიაში პირველად, 2014/15 წლების სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა.
მას ასევე უმუშავია პოდმოსკოვიეს „სატურნსა“ და ბრატისლავის „სლოვანში“.
ფეხბურთელობის ჟამს ვაისი ჩეხეთის და სლოვაკეთის რამდენიმე გუნდში გამოდიოდა. ის ასევე იყო ჯერ ჩეხოსლოვაკიის, შემდეგ კი სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ ის 1990 წლის მუნდიალზე თამაშობდა, როდესაც ჩეხოსლოვაკიის ძალიან კარგი ნაკრები მხოლოდ მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ მსოფლიო ჩემპიონებთან (გერმანიასთან 0:1).
ვაისი საფეხბურთო ოჯახიდანაა. მამამისი, რომელსაც ასევე ვლადიმირი ქვია 1964 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილეა. შვილსაც ვლადიმირი ქვია, რომელიც 2014 წლიდან ყატარის „ლეხვიაში“ გამოდის. თუმცა ბრატისლავის „ინტერის“ აღზრდილს უთამაშია „მანჩესტერ სიტიში“, „ბოლტონში“, „რეინჯერსში“,„ესპანიოლში“, „პესკარაში“, „ოლიმპიაკოსში“.
