LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს როუმინგის ტარიფების შემცირებაში ევროკავშირი დაეხმარება

143
170615ec1

ევროკავშირმა ოფიციალურად წარადგინა ახალი პროგრამა EU4Digital, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერას საქართველოში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

EU4Digital მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სიკეთეების ინტეგრაციას საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღნიშნული ინიციატივით ევროკავშირი ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების პოტენციალის განვითარებას, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ბიზნესის გაძლიერებას.

EU4Digital-ის ფარგლებში, ევროკავშირი ხელს შეუწყობს საქართველოს როუმინგის ტარიფების შემცირებაში და მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აღნიშნული განაპირობებს ეკონომიკურ გაძლიერებას, ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას, საზოგადოების მასშტაბით ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლოჯისტიკა თუ ჯანდაცვა, კიბერუსაფრთხოება თუ ციფრული უნარ-ჩვევები.

პროგრამა ოფიციალურად წარადგინეს კარლო ნატალემ, ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში და ლაშა მიქავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

„ევროკავშირი მოხარულია, წარადგინოს EU4Digital პროგრამა საქართველოში. ძლიერი ციფრული ინფრასტრუქტურა არის გზა მომავლისკენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩვენ შევქმნით არა მხოლოდ უფრო ძლიერ ციფრულ ეკონომიკას, არამედ განვავითარებთ იმ სფეროებს, სადაც არსებობს პოტენციალი – ბიზნესი, მეწარმეობა, ტურიზმი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები თუ ინოვაცია. აღნიშნული მხარდაჭერა მჭიდრო კავშირშია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიასთან, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს,“ – აღნიშნა კარლო ნატალემ.

„ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარში (DSM) ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქტიურად ვართ ჩართულნი ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტში  და პროექტის ფარგლებში შექმნილ EU4Digital 6 ქსელში, რომლებიც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყანებს შორის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს სინერგიას ციფრულ სფეროში და ჰარმონიზაციის კუთხით ერთობლივი პროექტების იდენტიფიცირებას,“ – განაცხადა ლაშა მიქავამ,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, EU4Digital რეგიონულ დონეზე ოფიციალურად 2018 წლიდან ხორციელდება და 2021 წლამდე  გაგრძელდება. 6 ქვეყანაში დაგეგმილი საქმიანობისთვის პროექტის ბიუჯეტი 12 მილიონი ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები