LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში საუკეთესოა“ – ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ამერიკელ სტუდენტებს საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა გააცნო

138
Untitled design

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხები – როგორ ვითარდება საქართველოს ენერგოსისტემა და ბაზრები“.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკელი სტუდენტები საქართველოში სასწავლო ტურის ფარგლებში იმყოფებიან. შეხვედრა კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფისში გაიმართა.

რომეო მიქაუტაძემ ამერიკელ სტუდენტებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარების, მისი შესაძლებლობებისა და გამოწვევების, მიმდინარე რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

უწყების ცნობითვე, დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემა, რომელიც მთავრობამ დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, კონსულტაციების შედეგად მიიღო, ენერგოსექტორში ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონზე მეტი პროექტი ჰიდრორესურსების ათვისებაზე შემოვიდა, დაინტერესება მზისა და ქარის ელექტროსადგურების მიმართაც გაიზარდა:

„პირველი აუქციონი 300 მგვ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული და ის წარმატებით დასრულდა – დამტკიცდა 15 ჰიდროელექტროსადგურის განვითარების პროექტი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 153მგვტ; 2 ქარის ელექტროსადგურის პროექტი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 77 მგვტ და 10 პროექტი მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე, ჯამური დადგმული სიმძლავრით 70 მგვტ. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ახალი ინვესტიციების მოზიდვა, არამედ მთელი რიგი აქამდე დროებით შეჩერებული პროექტების განხორციელებაც“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში საუკეთესოა, ენერგეტიკა კი ინვესტორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგი.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრია და საკუთარი ენერგოსექტორის რეფორმას აქტიურად ახორციელებს:

„საქართველოში ინერგება ელექტროენერგიის ბაზრის ევროპული მოდელი, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ზრდას და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. რეფორმა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის, ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის და საიმედოობის თვალსაზრისით. ელექტროენერგიის ბაზრის დანერგვით საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და მოქნილი გახდება“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის ენერგოკაბელის და სხვა მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარების პერსპექტივებზე. მისი თქმით, ენერგოკაბელის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში. შეთანხმებაში ჩართვის სურვილი ბულგარეთმაც გამოთქვა.

ამერიკელი სტუდენტების სასწავლო ტური ასევე ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა ენერგოობიექტის საქმიანობის გაცნობას. თბილისის გარდა, ისინი ქვეყნის სხვა რეგიონებსაც ეწვევიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g