საქართველოს პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს.
უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ტურისტული კომპანიის „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა, 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან, კერძოდ, 200-მდე დაზარალებულისგან, დაახლოებით, 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.
