ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SalamAir საქართველოში რეგულარულ საავიაციო მიმოსვლას იწყებს. მუსკატი-თბილისი-მუსკატის საჰაერო ხაზზე ფრენები მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.2018), კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია SalamAir-ს რეგულარული ფრენის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 14 მარტს მიენიჭა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ახალი რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას.