საქართველოში მსხვილი ამერიკული IT კომპანია „ეპამი“ შემოვიდა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ეს არის IT კომპანიებისთვის მთავრობის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმზე მიღებული გადაწყვეტილების პირველი შედეგი.
თურნავა ამბობს, რომ EPAM საქართველოში თავის ოფისს გახსნის და სულ მცირე 400 მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის.
„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული დარგის კომპანიებისთვის, მათ შორის კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და პროგრამული უზრუნველყოფით დაკავებული კომპანიებისთვის განსაკუთრებული დაბეგვრის რეჟიმი დაწესებულიყო, კერძოდ, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-მდე დაწეულიყო. ჩვენ გვაქვს უკვე პირველი გამოხმაურება. საქართველოში შემოვიდა ძალიან მსხვილი ამერიკული IT-კომპანია EPAM. ის საქართველოში თავის ოფისს გახსნის და 30-მდე თავისი თანამშრომელი უკვე ჩამოიყვანა. EPAM 30-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. მის გეგმებში შედის საქართველოში სულ მცირე 400 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა“, – განაცხადა თურნავამ.