ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზების ვარგისიანობის ვადებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის დღეს არსებული დოზები ვადაგასული არ არის და მათ არც ვადა გაგრძელებიათ.
მისი თქმით, მისი მშობლებიც სწორედ „ფაიზერის“ ბუსტერდოზით რამდენიმე დღის წინ აიცრნენ.
„საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის დღეს არსებული დოზები ვადაგასული არ არის და მათ არც ვადა გაგრძელებიათ. უბრალოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და თავად მწარმოებელმა „ფაიზერმა“ დაადგინა ვაქცინის ვადები. გარკვეული პერიოდი ითვლებოდა, რომ იგი 6-თვიანი იყო, თუმცა შემდეგ დადგინდა, რომ მათი ვადა 9-თვიანია. აქედან გამომდინარე, საქართველოში არსებული ვაქცინები არის სრულად ვადიანი. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინ ჩემი მშობლებიც თავიანთი ბუსტერდოზით აიცრნენ და არანაირად, ის ვაქცინა, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია, საფრთხის შემცველი არ არის“, – განაცხადა ტიკარაძემ.