ქვეყანა ხდება IT მიმართულებით მოწინავე, IT მიმართულებით ჰაბი, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ზრდისთვის, ისე დასაქმებისთვის, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
მისი თქმით, თვე არ გადის, რომ ახალი IT კომპანია არ შემოვიდეს საქართველოში. „როგორც იცით, მოხდა სპეციალური საგადასახადო რეჟიმის შემოღება IT კომპანიებისთვის. მათთვის შემცირებულია გადასახადები, რაც კარგად აისახა. პირველ რიგში, ამით სარგებლობენ ადამიანები, რომლებიც ან უკვე დასაქმებულები არიან IT მიმართულებით, ან აპირებენ დასაქმებას და ასეთი ძალიან ბევრი გვყავს“, – აღნიშნა ხიდურელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მისივე განმარტებით, IT სფეროში ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია. „მაგალითად რომ ავიღოთ ტანსაცმლის წარმოება, სადაც საშუალო ხელფასებია 800 ლარი, იწყება 500-დან და ძალიან რთულია ახვიდე მენეჯერულ პოზიციაზე, ამასთან შედარებით IT მიმართულებით ხელფასები 10-ჯერ მეტია. ამიტომ, კითხვაზე რატომ არის ეს ქვეყნისთვის კარგი – იქმნება ძალიან მაღალი ღირებულების მქონე სამუშაო ადგილები“, – დასძინა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა.