არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ქართული მარში“ და „გეორგია“ – პოლიტიკურ პარტია „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ დააფუძნეს.
პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილია, ხოლო პარტიის თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე.
ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იქნება მამუკა ჩოქური, რომელიც სამგორის გამგებელი იყო, უფრო ადრე კი თეთრიწყაროს გამგებელის თანამდებობა ეკავა.
ჩნდება კითხვა, მოახერხებს თუ არა, პარტია მესამე ძალად ჩამოყალიბებას. ყოველ შემთხვევაში ამბიციები დიდი აქვთ.
„მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ და საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს ძალა იქნება არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, არამედ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის და დაცვისთვის. ეს იქნება გონიერი და ღონიერი ძალა“, – აცხადებენ პარტიაში.
პარტიის დამფუძნებლების განმარტებით, ეროვნული სულისკვეთების მქონე ყველა ადამიანისთვის, რომლისთვისაც სამშობლო ფუჭი სიტყვა არ არის, კარი ღიაა.
„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ პოლიტიკური პარტიის შექმნა ერთი თვის წინ დაანონსა.
„ქართულ მარშში“ შემავალი პირები თუ ორგანიზაციები, უკვე წლებია, გამოირჩევიან ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამებით და ხშირად მონაწილეობენ ძალადობრივ აქციებში.
„გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, „ქართული მარში“ არაფორმალური გაერთიანებაა, სხვადასხვა ნეონაცისტური ორგანიზაციების. „ქართული მარშის“ სახელით მოქმედმა გაერთიანებამ საქმიანობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ირანის მოქალაქის მხრიდან არასრულწლოვანი პირების მიმართ გარყვნილი ქმედება გააპროტესტეს. ქსენოფობიური აქციის მთავარი მოწოდება ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გაძევება იყო.