ფარმაცევტულ სფეროში მომხმარებლისთვის ერთიანი ვებპორტალი შეიქმნება, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ფარმაციის სექტორის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
„მედიკამენტების ერთიანი ვებპორტალი იქნება ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ მომხმარებელმა სწრაფად და ლოკაციის გათვალისწინებით შეადაროს ერთმანეთს საჭირო მედიკამენტის ფასი“, – აღნიშნა ლექვინაძემ და დასძინა, რომ დღეს აღნიშნული პროექტის იდეის პრეზენტაცია იმართება.
„ეს არის საინტერესო ევროპული გამოცდილება და თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს, ამაზე დღეს ისაუბრებენ ევროპელი ექსპერტები. ვაკეთებთ ამ იდეის პრეზენტაციას ჩვენს ერთ-ერთ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად და დღესაც გვინდა, გარკვეულწილად მივიღოთ სექტორიდან უკუკავშირი, რადგანაც ამ პროექტის განხორციელება ერთობლივი თანხმობით და ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით წარმოგვიდგენია”, – აცხადებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.