საქართველოში პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმო აშენდება. პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელდება.
ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „კომპავა ჯორჯიას“ თბილისში, ორხევის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში მდებარე 4800.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადაეცა.
ახალ საწარმოში წელიწადში 40 ტონა სხვადასხვა საკვები დანამატების, მათ შორის პროტეინების, კრეატინების და ამინომჟავების წარმოება მოხდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ წარმოებული პროდუქციით იმპორტის ნაწილის ჩანაცვლება მოხდება, ხოლო გარკვეული რაოდენობა ამიერკავკასიის ბაზარზე გავა.