სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4822.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1234.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3588.2 მლნ. აშშ დოლარს (8.8 პროცენტით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2354.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.8 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 982.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
„საქსტატის“ ინფორმაციითვე, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1303.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.9 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 294,7 მლნ. აშშ დოლარი იყო (30,4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1008.5 მლნ. აშშ დოლარი (6.3 პროცენტით მეტი).
დსთ-ის ქვეყნებთან კი საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივნისში 1539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 34.4 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 474.1 მლნ. აშშ დოლარი (61.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1065.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.2 პროცენტით მეტი).
