სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2025 წელს, საქართველოში ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქსტატის განახლებული დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა, სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს, ქვეყანაში დაიბადა 37 867 და გარდაიცვალა 44 319 პირი.
2025 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 37 867-ია, მათ შორის არის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგო.
საქსტატის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 4.1 პროცენტით არის შემცირებული.
„2025 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 334
ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი).
ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით,
რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1 პროცენტი.
2025 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25
წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა.
2025 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.4 წლით განისაზღვრა.
2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით მეტია და 44 319 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 743 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (585 კაცი)“, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
