LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვერტიკალური ავტოსადგომები გაიყიდება

82

თბილისში ვერტიკალური, მრვალსართულიანი ავტოსადგომი გამოჩნდება.

პირველი ასეთი კონსტრუქცია ნაძელადევის რაიონში, ცოტნე დადიანის გამზირზე განთავსდება.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მალხაზ ცისკარიშვილმა ”ფორტუნასთან” განაცხადა, ვერტიკალური პარკირების ეს მოდელი საცდელი და საჩვენებელი ნიმუში იქნება დაინტერესებული პირებისთვის.

”დაინტერესებულ მომხმარებლებს შეეძლებათ მოვიდნენ, გააჩერონ ავტომობილი, ნახონ როგორ ხდება ვერტიკალური პარკირება. ეს რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე უფასო იქნება. შემდეგ უკვე შეკვეთებზე ვიმუშავებთ”, – განაცხადა მალხაზ ცისკარიშვილმა ”ფორტუნასთან”.

კონსტრუქციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსებით, გარკვეული დეტალების აწყობა ვაგონმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საცდელი ადგილი სტარტაპ ბიზნესისთვის სწორედ ამ ქარხანამ გამოყო.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ეს სადგომი ძალიან პრატქიკულია. მასზე ავტომობილის გაჩერება დიდ დროს არ წაგართმევთ – თქვენ ავტომობილს გააჩერებთ, მის შესაბამის ადგილას განთავსებას კი თავად მოწყობილობა უზრუნველყოფს. პარკინგიდან მანქანის ჩამოყვანას სპეციალური კოდით შეძლებთ.

საცდელი ნიმუშის წარმატების შექმნის შემთხვევაში, ვერტიკალური პარკირების მოწყობილობა კომპანიებსა თუ სხვადასხვა შენობების მფლობელებზე გაიყიდება.

”თუ კონკრეტული ბიზნესმენი იყიდის რესტორნისთვის ამ სადგომს, ის თვითონ გადაწყვეტს ფასიანი იქნება თუ არა პარკირება. შესაძლებელია, შეკვეთა რომელიმე საცხოვრებელმა კორპუსმაც მოგვცეს”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, ერთი ავტომობილის გასაჩერებელი პლატფორმა დაახლოებით, 3000 დოლარი ეღირება (ერთი ადგილი); 10 ადგილიანი ვერტიკალური ავტოსადგომი 30-35 ათასი დოლარი – ამ ფასში მონტაჟიც იგულისხმება. სადგომების ფასი ადგილების რაოდენობის მიხედვით გაიზრდება. თუმცა, პროეტის ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს, რომ ეს ფასი სავარაუდოა და სანამ საცდელი კონსტრუქცია არ დამზადდება, მანამდე ზუსტი ღირებულების დასახელება შეუძლებელია.

მალხაზ ცისკარიშვილი იმედოვნებს, რომ სადგომი ახალ წლამდე მზად იქნება, თუმცა როგორც თავად ამბობს, მისი ტექნიკურად გამართვისთვის საქართველოში ძალიან ცუდი პირობებია.

”მანქანათმშენებლობის მრეწველობა ქვეყანაში არ არსებობს. ამის გამო, მსგავსი პროეტექტების განხორციელება ძალიან რთულია. ვაგონმშენებელ ქარხანაში ამ დროისთვის გარკვეული დეტალების დამზადება უკვე დაწყებულია, ასევე შეკვეთილია ისეთი მასალები, რომლებიც საქართველოში არ იწარმოება. უახლოეს მომავალში კონსტრუქტორული ნახაზები დაიხვეწება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება. ამის შემდეგ, მუშაობას უფრო აქტიურად შევუდგებით”, – განაცხადა მალხაზ ცისკარიშვილმა.

ვერტიკალური ავტოსადგომი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინოვაციურ ტექნოლოგიების შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. სამინისტრო პროექტს 100 000 ლარით აფინანსებს. პროექტის ავტორები ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები მალხაზ ცისკარიშვილი და ანზორ საკანდელიძე, კონსტრუქტორი სერგო ჯორბენაძე, ფინანსისტი ფრიდონ გუნცაძე არიან.

fortuna.ge