„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა! ბოლო დროს, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე,“ – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, ძალიან განიცდის, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მისი ტრაგედია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.
„იმ პერიოდში, როცა აქციები დაიწყო, ნამდვილად არ მქონდა იმის გაკონტროლების ძალა, ვინ რა მიზნით დადგებოდა ჩემ მხარდასაჭერად. არასდროს მქონია შეხება პარტიის ლიდერებთან, ვიდრე ერთადერთხელ არ მივმართე დასახმარებლად. ჩემი ბრძოლა არასდროს ყოფილა მიმართული რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ერთი უბრალო გლეხკაცი ვარ და მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სამართლიანობის აღდგენა მაინტერესებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა! ბოლო დროს, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ამ აქციებიდან გამომდინარე, ჩემ წინააღმდეგ ლაფის ნიაღვარი წამოვიდა, რაც ჭკუის სასწავლებლად მივიღე – ამბობს სარალიძე
გარდა ამისა, ზაზა სარალიძე კატეგორიულად უარყოფს რომ მას პარტია „ნაციონალური მოძრაობა” აფინანსებს და აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, საზოგადოებას ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების ქვითრებსაც წარუდგენს.
„ძალიან გავღიზიანდი, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორობა დამაბრალა. ვიცი, რომ ამ ინტერვიუს წაიკითხავს და თქვენი გაზეთით მივმართავ: ბატონო ბიძინა, შეცდომაში ხართ შეყვანილი, არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი და, მით უმეტეს, კოორდინატორი“, – ამბობს ზაზა სარალიძე გამოცემასთან.
ამავე ინტერვიუში, სარალიძე აცხადებს, რომ გამოსავალი არა ხელისუფლების გადაყენება, არამედ, მათი იძულებაა შეცდომები გამოასწორონ.
გამოსავალი არ არის ხელისუფლების ხშირი ცვლილება. ხალხმა ხელისუფლება კი არ უნდა გადავაყენოთ, არამედ ვაიძულოთ, შეცდომა გამოასწოროს და მთელი თავისი ძალისხმევა სამართლიანობასა და კანონის სამსახურში ჩააყენოს“ – აღნიშნა სარალიძემ
