LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო „პირველი არხის“ ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

107
214801965-4332652356777609-7699878013556196924-n

პროკურატურა საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესზე ამ წუთებში მსჯელობენ.

როგორც პროკურორმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, პროკურატურა მაღრაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს.

„ბრალდების მხარე ისევე, როგორც წინა სხდომაზე, მივმართეთ შუამდგომლობით პატიმრობის გამოყენებაზე, რომ იყოს გამოყენებული ერთადერთი ღონისძიება, პატიმრობა. მას ბრალი აქვს წაყენებული ორგანიზებული ძალადობის ბრალდებით. ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი ქმედება განხორციელდა პირველი არხის ოპერატორის მიმართ“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გიორგი მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ილიკო თვალიაშვილს. კერძოდ, ბრალდებულები ოპოერატოტს ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

გიორგი მაღრაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 22 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

mazda magti 5g