ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 13 წლის მოზარდი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ხოლო 2 მოზარდი მძიმედ დაშავდა, მწერალი და ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და მისი შვილის განცდებზე წერს, რომელმაც ამის შესახებ შეიტყო.
ნანა აკობიძე წერს, რომ მისი შვილი „სხვა ბავშვის სიკვდილის ამბავს, შემზარავად მშვიდი ხმით ჰყვებოდა“. ჟურნალისტის თქმით, მოზარდები „საშიშად შეეჩვივნენ სიკვდილებს და საფრთხეებს“.
„იცით, ხო – ბავშვი მოკვდა დღეს ვაკის პარკში.
ბავშვები ვიყავით სკოლიდან გასულები დასვენებაზე. უკვე მკვდარი იყო.“
ჩემი შვილი ამბობს. სკოლიდან დაბრუნდა – ისევ ვაკის პარკზე გადმოიარა. ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ადგილზე.
მოვიდა და ჰყვება სხვა ბავშვის სიკვდილის ამბავს – შემზარავად მშვიდი ხმით.
15 წლისაა და შეჩვეულია უკვე არაიშვიათ სიკვდილებს და ტრაგიკულ შემთხვევებს. თვალიც შეაჩვია, ყურიც და ემოციებსაც მართავს – ჩემზე უკეთესად.
ჩემი სიძე კი, რომელიც ვაკის პარკში მუშაობს და იმ საბედისწერო წუთებამდე კარუსელებზე აკატავა ეს ულამაზესი გოგო სხვა ბავშვებთან ერთად, ამ დრომდე ტირის დაცვის სხვა ბიჭებთან ერთად: ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს – ანგელოზს ჰგავდაო. მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით – „სუნთქავს, სუნთქავს“ – ჯიუტად იძახდაო…
და ჰო – ჯერ ბიჭი გადამხტარა შადრევნიდან ბურთის ამოსაღებად. იმ ბიჭის საშველად გადამხტარა ეს ანგელოზი გოგო, მეორე ბიჭთან ერთად.
…საშიშად შეეჩვივნენ ჩვენი შვილები სიკვდილებს და საფრთხეებს.
ჩვენ ვერ – მაგრამ რა მერე? რას ვაკეთებთ, ტირილის და მოთქმის გარდა?
ვერაფერს. იმიტომ, რომ მხოლოდ ტირილი გამოგვდის კარგად“, – წერს ნანა აკობიძე.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.