სასტუმროების ქართულმა ქსელმა საკუთარ განთავსების ობიექტებში უკრაინელი ლტოლვილები დაასაქმა – ამის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. მან იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომლებსაც „ინნ ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს.
„ძალიან ბევრ სოციალურ პროექტში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, იქნებოდა ეს პანდემიის პერიოდში, თუ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად. დავიწყოთ პანდემიით – ამ პერიოდში, ჩვენს ქსელში არსებული ყველა სასტუმრო თავის რეგიონში ეცადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მთელი თვის მარაგი საჭმელი მიეწოდებინა. გარდა ამისა, ჩვენი სახელმწიფოს დახმარების მიზნით, ვიღებდით ყველა მოქალაქეს, ვისაც კარანტინის გავლა სჭირდებოდა, ან კოვიდსასტუმროში განთავსება სამკურნალოდ.
რეგიონში მიმდინარე ომს რაც შეეხება, ჩვენივე ინიციატივით ომის პერიოდში, დავიწყეთ უკრაინელი ლტოლვილების შეფარება. ომის დაწყების მეორე დღესვე გამოვაცხადეთ, რომ თანახმა ვიყავით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი მოქალაქეები მიგვეღო. სხვათა შორის, დღესაც არიან უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც დავასაქმეთ კიდეც ჩვენივე სასტუმროებში“, – აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.
მისივე ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე, “ინნ ჯგუფმა” 500-ამდე უკრაინელი შეიფარა.