ბოლო 2 თვის განმავლობაში, ქვეყანაში გავრცელებული COVID-19-ის ვირუსის შედეგად უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე. შესაბამისად, არაერთი კერძო კომპანია ჩაერთო საერთო საქველმოქმედო აქციაში და მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილი მუდმივად იღებს დახმარებას პირველადი საჭირო პროდუქტების სახით. ამ მხრივ, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში საქართველოს დიდი ქალაქებია, ხოლო რეგიონები ნაკლებად ხვდება საქველმოქმედო აქტივობების ჩამონათვალში.
ამ ვითარების გათვალისწინებით, „ინნ ჯგუფმა“ დროული და საჭირო აქცია დააორგანიზა, აქცენტით რეგიონებზე. ქსელის ორმა სასტუმრომ „გუდაური ინნ“ და „ბაკურიანი ინნ“ ყაზბეგისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის 160 ოჯახს ერთი თვის მარაგი, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
აქციაში, ასევე ჩართულია სასტუმრო „ივერია ინნ“, რომელიც თბილისში მდებარეობს, სასტუმროს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ვარკეთილის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი 150 ოჯახი პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს მიიღებს.
კომპანია „ინნ ჯგუფი“ ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პირველივე ეტაპიდან გვერდში უდგას მთავრობას ვირუსით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის დაძლევაში, „ინნ ჯგუფის“ ოთხივე სასტუმრო, თვეზე მეტია საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული და მასპინძლობს საჭიროების მქონე სტუმრებს.
კომპანია აცნობიერებს ქვეყანაში არსებულ რთულ გამოწვევებს და მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობის ინიციატივებს და განახორციელებს საქველმოქმედო აქციებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.