“საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ევროკავშირს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადასაჭრელად შეუძლია, არის ის, რომ სამივე ქვეყანა რაც შეიძლება მჭიდროდ და რაც შეიძლება სწრაფად დაიახლოვოს,”-ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
„ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რასაც სამივე ქვეყნის მიმართ ევროკავშირი გამოხატავს, როდესაც საქმე კონფლიქტის მოგვარებას ეხება. თუმცა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს მანამ, სანამ კონფლიქტები არსებობს, ვინაიდან არცერთი კონფლიქტის დავიწყება ან მსუბუქად შეხედვა არ შეიძლება. ჩვენ ევროკავშირთან მუდმივ დიალოგში ვიმყოფებით, რა დამატებითი ზომების მიღება და ინიციატივების დაყენებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ კონფლიქტები დასრულდეს სამივე ქვეყანაში.
მტკიცედ მჯერა, რომ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ევროკავშირს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადასაჭრელად შეუძლია, არის ის, რომ სამივე ქვეყანა რაც შეიძლება მჭიდროდ და რაც შეიძლება სწრაფად დაიახლოვოს. რაც უფრო ძლიერები გავხდებით ევროკავშირთან ერთად, მით მეტი მოტივაცია მიეცემა ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.