პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს.
პარლამენტში, საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელმაც საკომიტეტო მოსმენები უკვე გაირა და რომლის პლენარულ სხდომაზე განხილვა იგეგმება, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.