LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, შესაძლოა, ერთიანი გადახდის სისტემა შემუშავდეს

11

თბილისის მერია უახლოეს დღეებში ტრანსპორტის პოლიტიკას წარადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პოლიტიკის დოკუმენტის ერთ-ერთი კომპონენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი გადახდის სისტემის შემუშავებაა.

„ერთიანი გადახდის სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში არა მხოლოდ მიკროავტობუსებს შეეხებათ, არამედ მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამაზე მუშაობა დაწყებულია. ვფიქრობთ, ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი თუ როგორ, რა ფორმით განხორციელდება ეს. ამ კვირას ან მომავალ კვირას ვაპირებთ ტრანსპორტის პოლიტიკის წარმოდგენას, თუ როგორი ხედვა გვაქვს და რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ წლების მიხედვით. ასევე გვაქვს მიღებული EBRD-ის გრანტი და დავიწყეთ კვლევა “სისტრას” დახმარებით, რომ უფრო გამარტივებული და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა; რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სურვილი. პარალელურად, მნიშვნელოვანია განახლება როგორც ყვითელი ავტობუსების, ასევე მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია-მოდერნიზება და მეორე მხრივ, ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანა”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისის მერიამ ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესასყიდად ტენდერი თავიდან უკვე გამოაცხადა.ამჯერად მერია არა 100, არამედ 90 ავტობუსს შეიძენს, ტენდერის ღირებულება კი კვლავ 45 მილიონი ლარია.

სატენდერო მოთხოვნები ავტობუსების მიმართ იგივეა, რაც წინა ტენდერში იყო. კერძოდ, მერია Euro VI სტანდარტის დიზელის ძრავზე მომუშავე ავტობუსების შეძენას გეგმავს, რომელიც 23- ადგილიანი იქნება. ავტობუსები 2018 წელზე ძველი გამოშვებული არ უნდა იყოს. კომპანიებს წინადადებების წარდგენა 5 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები