LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Scania-მ უპილოტო სატვირთო ავტომობილების ტესტირება დაიწყო

79

მას შემდეგ, რაც Mercedes-Benz-მა რიგით პირველი უპილოტო სატვირთო ავტომობილი წარადგინა, კონკურენცია ამ სეგმენტში დღითიდღე იზრდება. ჯერ იყო და გერმანელების შემდეგ, უპილოტო სატვირთო ავტომობილების პროექტზე მუშაობა Tesla-ს სპეციალურმა ქვედანაყოფმა დაიწყო, მას მოჰყვა კომპანია Otto, რომელიც Google-ს ყოფილი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, დღეს კი ამ სიას კიდევ ერთ კომპანია Scania შეემატა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Scania-მ უკვე დაიწყო უპილოტო სატვირთო ავტომობილების ტესტირება და კომპანიის დირექტორის ჰენრიკ ჰენრიკსონის განცხადებით, ძალიან მალე უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი სატვირთოები დახურული სივრციდან ქუჩებში გადაინაცვლებენ. მისივე თქმით Scania-ს ავტომობილები არ აღრვევენ კანონით დადგენილი სიჩქარის ზღვარს, არ არიან აგრესიულები და ხელოვნური ინტელექტის წყალობით ნებისმიერი სიტუაციის ამოცნობა და მასთან ადაპტირება შეუძლიათ.

როგორც ჰენრიკ ჰენრიკსონი აცხადებს, კომპანიის მიერ წარმოებული უპილოტო სატვირთო ავტომობილები, ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ Mercedes-Benz-ს, Otto-სა და Tesla-ს, რომლებიც ამ სფეროში პიონერებად მიიჩნევიან. მისივე თქმით, Scania-ს “რობომობილები” (ასე უწოდებენ უპილოტო სატვირთოებს) ყველაზე მეტად სწორედ უახლესი კომპიუტერული მოწყობილობების, უამრავი გადამცემისა და ინფორმაციის სწრაფად გადამუშავების ხარჯზე, სატვირთო ავტომობილების სეგმენტში მოწინავე პოზიციას დაიკავებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდებიან Scania-ს სატვირთოები, რა იქნება მათი ფასი და როგორია ტექნიკური მონაცემები. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება სრულიად განსხვავებული, უსაფრთხო და ეკოლოგიური ავტომობილების ახალი თაობა, რომელიც გადაზიდვებისა და მომსახურების სფეროში დიდ პოპულარობას მოიპოვებს…