საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა. დღეიდან სემეკში წარსადგენი საჩივრის ან სხვა განცხადების ჩაბარება და პასუხის მიღება იუსტიციის სახლშიცაა შესაძლებელი.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ახალი მომსახურების მუშაობის პროცესს იუსტიციის სახლში გაეცნენ.
აღნიშნული სიახლის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომის გაუმჯობესება. კერძოდ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს მომსახურების პირობის დარღვევაზე რეაგირების მიზნით, წარსადგენი განცხადება/საჩივარი ჩააბარონ იუსტიციის სახლში და იუსტიციის სახლშივე მიიღონ სემეკის მიერ განცხადებაზე გამოგზავნილი პასუხი. აღნიშნული მომსახურება უფასოა.
ახალ მომსახურებასთან ერთად, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე – დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების აბონენტებად, კომპანიებთან გააფორმონ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა და აღდგენა, მრიცხველის შემოწმება, გადაამოწმონ დარიცხვა.