არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელები ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს შეხვდნენ.
სენატორებთან შეხვედრაზე სასამართლო სისტემის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, სენატორების პოზიციაა, რომ პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის და უნდა გადაწყვიტოს რა არის მათთვის უკეთესი.
„ისინი თავის პოზიციას გამოხატავენ პრესკონფერენციაზე, ასეთ შეხვედრაზე არ ამბობენ საკუთარ პოზიციას. როგორც თქვენ აღნიშნეთ ის, რომ „კლანი” არის, მათ იციან. ეს ყველაფერი ნახსენები იქნა მოსმენების დროს, რა თქმა უნდა, მათთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ დავუთმეთ ჩვენც სასამართლოს ამდენი დრო, რომ სასამართლოს რეფორმა გასაკეთებელია ამ ქვეყანაში.
მთავარი, რაზეც საუბარი იყო, არის ის, რომ მათ ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სხვებიც, თითქოს, ისინი ეკითხებიან, თქვენ გვითხარით, რა არის ჩვენი დემოკრატიისთვის უკეთესი. მათი პოზიცია ამაზე არის ის, რომ პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა იბრძოლოს დემოკრატიისთვის, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა არის მათთვის უკეთესი. ისინი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებიან ინსტიტუტების აშენებაში. ჩვენ ბრძოლას, ისინი არ იბრძოლებენ, ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისა და დემოკრატიისთვის”,- აღნიშნავს გიგაური.