ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაჟღერებულ განცხადებას, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა“.
მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის“ ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა – გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება“.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 30 წლის განმავლობაში დიდი დახმარება გაუწია და მიიჩნევს, რომ „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირებით, პარტნიორი ქვეყნის მხრიდან დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
„ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, 30 წლის განმავლობაში იყო გადამწყვეტი ფაქტორი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის. ეს დახმარება მნიშვნელოვანია საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის, იმიტომ რომ 6 მილიარდზე მეტი დახმარება, რომელიც მათ ჩვენი ხალხისთვის გაიღეს, პირდაპირ მიდის ქართველი ხალხის სიკეთისთვის, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა. ასევე, რაც მთავარია ჩვენის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა დიდწილად, სწორედ ამერიკულ დახმარებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორები ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა – გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება. ბიძინა ივანიშვილი რომელიც იღებს კანონს, რომელიც [ცდილობს] მისი და სხვა ოლიგარქების სანქცირებული ფული ისე შემოზიდოს, რომ ერთი თეთრიც არ გადაუხადოს, ქართველ პენსიონერს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულ ადამიანს, ქართველ ახალგაზრდას და დაიცვას რუსული ჭუჭყიანი ფული გადასახადებისგან, ამის პარალელურად ჩვენ ახლა გვაყენებს დარტყმის ქვეშ, რომ დავკარგოთ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას ესმის ის გზავნილი, რომელიც გუშინ მოვისმინეთ სენატიდან. ჩვენ ვართ გზაგასაყარზე, ჩვენ ან რუსული ხელისუფლების შეჩერებას ვირჩევთ, ან საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვის გზას დაადგება. ამიტომ იმედი მაქვს რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.