უეფამ მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა, მასში ევროპული მმართველი ორგანოს 55 წევრი ფედერაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი იღებდა მონაწილეობას, უეფას ეგიდით სექტემბერში გასამართი სანაკრებო მატჩების შესახებ იმსჯელეს.
უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბრის როგორც ეროვნული, ისე 21-წლამდე ნაკრებების მატჩები მაყურებლის გარეშე შედგება.
ეროვნული ნაკრების სექტემბრის კალენდარი – ერთა ლიგის გათამაშება:
5 სექტემბერი – ესტონეთი – საქართველო
8 სექტემბერი – საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია
21-წლამდე ნაკრების სექტემბრის კალენდარი – ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
4 სექტემბერი – საქართველო – საფრანგეთი
8 სექტემბერი – ლიხტენშტაინი – საქართველო
რაც შეეხება ოქტომბერში დაგეგმილ სანაკრებო მატჩებზე მაყურებლის დასწრებას, აღნიშნულის შესახებ უეფა გადაწყვეტილებას სექტემბერში მორიგ ვიდეოკონფერენციაზე მიიღებს.
შეგახსენებთ, სწორედ ოქტომბერში გვიწევს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი უმნიშვნელოვანესი საპლეიოფო მატჩი ბელარუსთან, რომლის ყველა ბილეთი გაყიდულია.
პირველი მატჩი, სადაც უეფა მაყურებლის დაშვებას გეგმავს, ბუდაპეშტში გასამართი სუპერთასია. უეფას სუპერთასის შეხვედრა ბუდაპეშტში 24 სექტემბერს შედგება.