სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, მდინარე ჰანის სანაპიროზე მდებარე პარკში, ასობით ადამიანი უჩვეულო კონკურსმა გააერთიანა – ისინი ერთმანეთს ძილში შეეჯიბრნენ.
ღონისძიება, რომელსაც ქალაქის მერია ყოველწლიურად ატარებს, მიზნად ქრონიკული უძილობის პრობლემის მიმართ მეტი ყურადღების მიპყრობას ისახავს. კონკურსში მონაწილეებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში უნდა დაეძინათ, ხოლო ორგანიზატორები მათი ძილის ხარისხს სხვადასხვა მაჩვენებლით აკვირდებოდნენ.
მონაწილეებისგან ორგანიზატორები რამდენიმე პირობას ითხოვდნენ: კომფორტული და თემატური სამოსი – მაგალითად „მძინარე მზეთუნახავის“ ან „პრინცის“ სტილში, კარგი მადა და რაც მთავარია, აშკარა დაღლილობა.
კონკურსის განმავლობაში სპეციალისტები მონაწილეების გულისცემას აკონტროლებდნენ, რადგან სტაბილური პულსი ღრმა და მშვიდი ძილის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად ითვლება. გამარჯვებულად 80 წლამდე ასაკის მამაკაცი დასახელდა, ხოლო მეორე ადგილი 37 წლის ოფისის თანამშრომელმა ჰვანგ დუ სონგმა მოიპოვა.

სამხრეთ კორეა უკვე წლებია ძილის დეფიციტის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას ებრძვის. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ქვეყანა OECD-ის წევრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ საზოგადოებად მიიჩნევა, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს სრულფასოვანი დასვენებისთვის საკმარისი დრო არ რჩება.
ბოლო წლებში მსგავსი ღონისძიებები სამხრეთ კორეაში სულ უფრო პოპულარული ხდება – ქვეყანაში ფუნქციონირებს სპეციალური „ძილის კაფეებიც“, სადაც მოქალაქეები სამსახურის შემდეგ რამდენიმე საათით დასვენებასა და გამოძინებას ცდილობენ.