LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ

216
ტყიბულის შახტი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა.

კერძოდ, როგორც დადგენილებიდან ირკვევა, შახტებსა და მაღაროებში დასაქმებული პირები, საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე შეძლებენ პენსიის ოდენობის სოციალური დახმარების მიღებას ყოველთვიურად.

დადგენილების მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვთ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებულ პირებს, რომლებმაც მიაღწიეს 60 წლის ასაკს და სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისთვის გააჩნიათ ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობის უწყვეტი სტაჟი და აგრძელებენ შრომით საქმიანობას მიწისქვეშა შახტებსა და მაღაროებში ან ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ წყვეტენ შრომით ურთიერთობას.

რაც შეეხება შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ქალებს, ისინი ზემოთ აღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სოციალური დახმარების მიღებას 55 წლის ასაკიდან შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ხოლო შემდეგ შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიის მიღებას შეძლებენ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი