„არაფრისთვის არ დაგვიჭერია მხარი. სიცრუე და დეზინფორმაცია სადაც იწერება, იმ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს“, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეკითხვას, დაუჭირა თუ არა მხარი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას „ქართული ოცნების“ დელეგაციამ.
პაპუაშვილის სიტყვებით, „დოკუმენტს მათი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონი და ქვეყნები, რომლებიც ქართველ ხალხს ერჩიან“.
„თავად დოკუმენტს ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონი და უკრაინის დელეგაცია, ცნობილი ჯგუფები, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდათ ქართველი ხალხი დააზიანონ.
ვხედავთ, რომ მათი მცდელობით, ჩაიწერა ნახევარი წინადადება, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებოდა. ასე რომ, ესეც ცალკე ამბავია. დეზინფორმაციას ავრცელებს სხვადასხვა მედია.
განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. ჩვენ გვიწერდნენ რეკომენდაციებში დეზინფორმაციის არდაშვებას, თავად კი ფულს უხდიან ორგანიზაციებს, რომლებიც ტყუილსა და დეზინფორმაციას ავრცელებენ. შემდეგ კიდევ გვეუბნებიან, რომ ეს არის დამოუკიდებელი მედია. სამწუხაროდ, დღეს დეზინფორმაცია დაფინანსებულია მათ შორის ევროკავშირის საელჩოს მხრიდან“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა…
ჩვენი დელეგაციის ინიციატივა იყო, რომელიც გაითვალისწინეს ტექსტის ავტორებმა, ამ მხრივ, მთლიანად რეზოლუცია მეტ-ნაკლებად მისაღებია. რომ არა ეს ერთი მავნებლური წინადადება, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო უილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა. ჩვენი ინიციატივა იყო ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საკითხი, ჩვენ საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ, რათა მოვუწოდოთ ყველას, აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.