ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აირჩევს.
ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაფაელ მურსაკულოვისთვის წარდგენილი ბრალი საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯადობას ითვალისწინებს.
ბრალდებულმა საკუთარი პოზიცია სასამართლო პროცესზე მას შემდეგ უნდა დააფიქსიროს, როცა სასამართლო კონკრეტული კითხვით მიმართავს.
ადვოკატის თქმით, მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და მისი დაკავებით გაოგნებულია.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მურსაკულოვს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, თავს დაესხა შანაე ბრუკი ედუარდს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა.