„შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როდესაც ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ამორალური და უსამართლო,“ საქართველომ დაიმსახურა სტატუსი, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით, რომელ ქვეყნებს მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით, საქართველო არის 2-ჯერ, 3-ჯერ წინ ნებისმიერ სფეროში,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მთავრობის მეთაურთან ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი იქნება ევროპის გადაწყვეტილება, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში, მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად.
„თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის. შარშან მივიღეთ ჩვენ ევროპული პერსპექტივა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ.
პროცესი ახლაც გრძელდება, ეს მუდმივი პროცესია, ბუნებრივია.
ჩვენ ველოდებით წლის ბოლოს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, მე ვფიქრობ, ექნება მყარი საფუძველი და რაც მთავარია მინდა აღვნიშნო, რომ თუ დამსახურებაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველომ დაიმსახურა, ნებისმიერ სფეროში: იქნება ეს საჯარო მმართველობა, გამჭვირვალობა, კორუფციის კონტროლი თუ მართლმსაჯულების რეფორმები.
ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკური – მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანწილად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი.
საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება.
ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას.
კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს,“ – განაცხადა ღარიბაშვილი.