ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, ნატო ხაზს უსვამს მის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„ჩვენ ამავე დროს განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, იმ ძალიან მტკივნეულ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო და ამავე დროს განვიხილეთ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდა,“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
როგორც ბახტაძემ განმარტა, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე. მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასაც და აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატოს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი.
„შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა აგრეთვე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ეს გახლდათ ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით და ვსაუბრობდით ჩვენს მეგობრებთან, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, წარმოუდგენელია ნატოს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატოსთვის.
ჩვენ ასევე განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში და ამავე დროს, დავსახეთ თანამშრომლობის პერსპექტივები,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
