„ავიაბაზრის პანდემიამდელი მაჩვენებელი აღდგენილი უნდა ყოფილიყო 2023 წლისთვის, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, სავარაუდოდ, შეანელებს ავიაბაზრის აღდგენის დინამიკას და 2024-2025 წლისთვის გადაიწევს“,- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, თუ რამდენად სტაბილური იქნება ავიაბაზარი, ამ ყველაფერს შემდეგი რამდენიმე კვირა გვიჩვენებს.
ამავე თემაზე საუბრობს Aero Georgia Group-ის დამფუძნებელიც და აცხადებს, რომ უკრაინაში სიტუაციის გართულება ავიაბაზარზე ნეგატიურად აისახება. იგორ აფციაური ამბობს, რომ დაძაბული მოვლენები პირდაპირ იმოქმედებს ავიაციაზე და არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა შუაგულ ევროპაშია გეოგრაფიულად და მთელი ევროპა და არამხოლოდ, დაკავშირებულია მასთან. დაძაბულობა უკრაინაში გამოიწვევს ძალიან დიდ შეფერხებებს და პრობლემებს ავიამიმოსვლაში. როგორც იცით, ჩვენი რეგიონიც ძალიან დამოკიდებულია უკრანაზე, კიევზე – როგორც სატრანზიტო მიმართულებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ავიაცია ძალიან დამოკიდებულია სხვა ბაზრებზე, ნებისმიერი ასეთი რეგიონალური კონფლიქტი აფერხებს ამ დარგს,“ – აღნიშნა იგორ აფციაურმა “ბიზნესპარტნიორთან”.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. დაიწყო ქალაქების დაბომბვა, მათ შორის, კიევისა და ხარკოვის მიმდებარედ. ქვეყანაში გამოცხადებულია საომარი ვითარება. საჰაერო სივრცე რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში დაკეტილია.