LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან- კახა კალაძე

კახა კალაძე

კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ.

„გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, უფრო ორივე მგონია, ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას. აქვთ მცდელობა, მერიისა და პირადად ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მერია ამ პირებს არ მისცემ საშუალებას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. ამ კონტექსტში კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

„გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე, საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ რაღაც გაუგებარ ვითომდა, კორუფციულ სქემას. თითქოს, შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობენ ადამიანები, ეს არის კორუფციული სქემა,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება ექსპლუატაციაში მიღებასთან კავშირში არ არის.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან. არქიტექტურის სამსახური, რომელიც გასცემს სამშენებლო ნებართვას, როდესაც დასრულდება იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დამთავრებული შენობა-ნაგებობა, რამდენად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შენობას, სადაც სამწუხაროდ, აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ქონდა და დაუდგინდა ხარვეზები. ეს ხარვეზები გამოსწორებულ იქნა და რამდენიმე დღეში ექპლუატაციაში იქნებოდა ეს შენობა. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის მიღებისას უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპენტენციაში საერთოდ არ შედის, ამას მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები განსაზღვრავს. როგორც ელექტროენერგიის შეყვანა, ასევე ბუნებრივი აირის, ეს არის ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g