19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმე დამძიმდა და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა.
„ფორტუნასთან“ საუბარში ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ეს დასკვნა გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის და ნამდვილი დამნაშავეების პოვნა არ იქნება რთული.
„ექსპერტიზის დასკვნა ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს. რადგან ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილმა სიცოცხლეში მიიღო დაზიანებები და ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა, ესე იგი სცემეს და მერე აღმოჩნდა წყალში, აქ ყველაფერი ნათელია. შესაძლოა, ადამიანს დაზიანებები მიაღებინო და წყალში გადააგდო, ეს უკვე აღარ არის გაუფრთხილებლობით მკვლელობა. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის“, – აცხადებს ადვოკატი.
გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა: პროკურატურის განცხადება
კითხვაზე, საქმეში ძალიან ბევრი შეცვლილი ჩვენებაა, შესაძლებელია ნამდვილი დამნაშავის (დამნაშავეების) პოვნა, ადვოკატი პასუხობს.
„შეუძლებელი არაფერია. შესაძლოა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველას ძალიან დიდი სასჯელი დაეკისროს, რომელიმე ბრალდებულმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ეს შემამსუბუქებელ გარემოებებში ჩაეთვალოს და მისცეს ისეთი ჩვენება, რომელიც ნათელს მოჰფენს საქმეს. არსებული ცდომილებები ჩვენებებში, ეს ხომ არაა საბოლოო შედეგი. საქმეზე დაკავებულების დუმილსა და გამოძიებასთან ართანამშრომლობას თუ გავითვალისწინებთ, სასჯელი უფრო დამამძიმებელი იქნება“, – განაცხადა რამიშვილმა ჩვენთან საუბარში.
ადვოკატი გამომძიებლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს:
„როდესაც გამოძიებას აწარმოებ, კითხვები უნდა გიჩნდებოდეს, როდესაც საქმეში ამდენი ცდომილობაა და კითხვები არ გიჩნდება, უცნაურია. მაშინ პასუხისმგებლობაც არ უნდა გქონდეს აღებული“, – აცხადებს რამიშვილი.
