შესაძლოა, რესტორნები მარტის ბოლომდეც ვერ გაიხსნას – ამის შესახებ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა. ლევან ქოქიაშვილის თქმით, ეს ფაქტი სფეროს ლიკვიდაციის ტოლფასია.
„1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება, სხვა არაფერი არ იხსნება, როგორც ჩვენ ვიცით. რესტორნებზე იმასაც კი ამბობენ, რომ შეიძლება მარტის ბოლომდეც კი არ გაიხსნასო. მაინც და მაინც ადამიანები უნდა გამოვიდნენ და თავი დაიწვან ჩვენი სექტორიდან? ძალიან უჭირს ხალხს. მათი გამოსვლა ძალიან ცუდი იქნება. ყველა ძალიან დაღლილი ვართ. თუ მთავრობას თვითონ არ შეუძლია რეგულაციების გაკონტროლება და დაცვა, ჩვენ თავად მივხედავთ ჩვენს თავებს იმ რეგულაციების მიხედვით, რასაც სახელმწიფო შემოგვთავაზებს და ჩვენთან შეათანხმებს“,- ამბობს ქოქიაშვილი.
შეგახსენებთ, ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან 1 თებერვლიდან შეზღუდვების კიდევ ერთხელ გახანგრძლივების საფრთხეს ხედავს და მთავრობას კერძო სექტორის ამოქმედებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადებით და კრიზისის დაძლევის 6 პუნქტიანი გეგმით, რამდენიმე ბიზნესასოციაციამ ხელისუფლებას დღეს მიმართა.